სექტემბერი 12, 2022
ხომ ამბობენ, ნეტაი კამერა მქონოდა და გადამეღოო, ისეთი იყო რომ ავ თვალს არ ენახებოდაო. Ნეტაი მქონოდაო და აი, Მე მქონდა და გადავიღე. ეს რა იყო! უშბის მყინვარის გზას შეფენილი 120 ჰაილენდერი, ჯერ კიდევ გაოფვლის პირველ სტადიაზე მყოფი, სახეზე ღიმილით, გულში აგრილების იმედით, ზურგჩანთაში პრიმუსით და ზიპშესაკრავიან პარკში ნაღდი გაზიანთეფური ხალვით მომარაგებულები.
ჰაილენდერის რაობა წინა ბლოგში ავხსენი, ვინც არ წაიკითხა კიდევ ვეტყვი, რომ ესაა მოყვარული ჰაიკერების კლანი, რომლებიც 15 ქვეყანაში გადიან კონკრეტულ მარშრუტს, კონკრეტულ დროში. ჰაილანდერის ტურს გამარჯვებული არ ჰყავს, რადგან ეს არაა შეჯიბრი. შენი მთავარი მოწინააღმდეგე მთაში საკუთარი თავია, რომელიც ხანდახან გეუბნება, რომ ვსო, მორჩა, მე ფეხს ამ აღმართში ვეღარ გადავადგამ. მაგარი მთამსვლელი და ჰაიკერი ხომ ისაა, ვინც დაღლილობას და შიშს თრგუნავს და შეუძლებელს მიღმა ახერხებს წარმოდგენის დადგმას. ვუყურებდი ბილიკზე გაწელილ ჰაილენდერებს, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ ჩურჩხელისთვის ძაფზე აცმულ თხილის გულებს და ვითვლიდი აქედან რამდენი შეძლებდა საბოლოო წერილამდე ამოსვლას.
ქართული Ჰაილენდერის მარშრუტი წელს 55 კილომეტრიანი იყო. დავსტარტეთ ბეჩოს ზემო მისადგომებიდან და გულის უღელტეხილით გადავედით ჰეშკილისკენ, აი იმ მხარეს ქორულდის ტბები სადაცაა, ცოტა მის ქვემოთ გამოდის ბილიკი. Ყველაზე რთული ნაწილი აქედან იწყებოდა: ჰეშკილიდან უნდა ჩამოსულიყავი ქვემოთ, მესტიამდე, გადაგეჭრა აეროპორტის მიმდებარე გზა და ასულიყავი ბანაკისკენ. ბოლო მონაკვეთის ავლას დაახლოებით საათი სჭირდებოდა, მაგარ დაღლილზე ეს იყო ნამდვილი სულის სიმტკიცის გამოცდა, თან 35 გრადუს სიცხეში ხომ საერთოდ.
სვანი ასაკოვანი კაცები ამბობდნენ, რომ ასეთი ცხელი ზაფხული არ ახსოვთ. მათ ეთანხმებიან ევროპელი სინოპტიკოსები, რომლებიც ამბობენ რომ ბოლო 500 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მშრალი და ცხელი ზაფხულია ევროპაში. ჯერ სად ვართ! აცხადებენ აპოკალიპსის თეორიის მიმდევრები და უარესისკენ მიგვანიშნებენ. ჩვენ კი ჯერრჯერობით კონდიციონერს ტემპერატურას დავუკლებთ და ჰაერის ნაკადს მოვუმატებთ. კონდიციონერი რომ აღარ ეყოფა საქმეს მერე არ ვიცი, ალბათ ისევ ყაზბეგში ავალ.
ბანაკი სამოთხე იყო, თავზე მარჯვნივ ტყე გვადგა, ჩრდილოეთითკენ მყინვარებს ვუყურებდით, სამხრეთის მხარეს მყინვარიდან ნადნობი მდინარე ჩამოდიოდა, რომელმაც აბაზანის მაგივრობა გასწია და გაგვაფრეშა.
დღის მთავარი მოვლენა მაინც ქალბატონი ნანული რატიანი გახდა, რომელმაც სვანური გასტრონომიის მასტერკლასზე თვალი ამიხილა: თურმე, თაშმიჯაბს არ სჭირება კარტოფილი, თურმე ნამდვილი თაშმიჯაბი არის პურის ფქვილშერეული ამოზელილი ნარჩვი, რომელიც ელარჯივით იწელება. Და თურმე ჭიშდვარს არ უნდა არც ტაფა და არც ზეთი, ღუმელში ბევრად უკეთესად ცხვება. Პროპორციები: 70% ნარჩვი, 30% სიმინდის ფქვილი.
მეორე დღეს იფტერიდან გვალდის გადავლით მულახი, მულახიდან კი თეთნულდის კალთაზე ავედით. Დაახლოებით 800 მეტრი იყო აქ ვერტიკალი ასაღები და კიდევ უფრო ცხელოდა. Როგორც წინა დღეს, ისევე აქაც პირველები ქეთი სამსონაძე და მარიამ გელაშვილი მოვიდნენ. ამ გოგოების ტემპი და ენერგია უბრალოდ გასაოცარი იყო, სტარტს იღებდნენ არც ისე ადრე და ფინიშზე სხვა მონაწილეებთან შედარებით, საშუალოდ 2 საათით ადრე მოდიოდნენ. Რეაქტიულად სწრაფად იარა ავსტრიის ელჩმა, თომას მიულმანმა, რომელსაც როგორც წესი მხოლოდ სამსონაძე და გელაშვილი ასწრებდნენ ხოლმე მოსვლას.
“რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს სვანეთში.” - მითხრა თომასმა შესვენების დროს ლუდს რომ ვწრუპავდით, “გახედე უშბა როგორია!” გავხედე. “როგორ შეიძლება ეს ყველამ არ ნახოს.” ავსტრია და შვედეთის სამეფო ჰაილენდერ საქართველოს მთავარი მხარდამჭერები არიან.
მაგრად დადიოდა თსუ-ს ალპ კლუბი, მხეცებივით იარეს ლიბანელმა ბიჭებმა, რომლებიც სპეციალურად ჰაილენდერში მონაწილეობისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში.
ყველაზე ხშირად ბანაკში კიდევ ერთი ლიბანელი მონაწილის, ვისსამ მუსას სახელი ისმოდა, რომელიც ისე შეუყვებოდა ხოლმე ფოტოების გადაღებას და სთორების წერას, რომ უღამდებოდა და შემდეგ გუჯაბიძე ეძებდა ტყეებში. Ირაკლი იყო ჰაილენდერის ბეტმენი, მშველელი ყოველი გაჭირვებულის, რომელიც დაღამებულებს და ტყეში დაკარგულებს პოულობდა და ბანაკში აბრუნებდა.
მესამე დღეს ადიშში გადავედით, ულამაზეს სოფელში, სადაც დრო ასე 17-18-ე საუკუნის შემდეგ გაჩერებულია. თანამედროვეობაზე აქ მხოლოდ ნახევრად ჩამოხეული საარჩევნო პლაკატები და რამდენიმე ბეტონის სიმახინჯე მიგანიშნებს, რომელიც შედარებით გამდიდრებულმა ადიშელებმა ააშენეს.
ჩხუტნიერის უღელტეხილზე გასვლამდე, მოლაშქრეებმა მდინარე ადიშის წყალი ცხენებზე ამხედრებულებმა გადაკვეთეს, შემდეგ კი ულამაზესი ხეობით ლეგენდარულ სოფელ ხალდემდე გადავიდნენ. ფინიში ცოტა მძიმე იყო, რადგან დღის მეორე ნახევარში დაცხა და დაახლოებით საათნახევარი, გზა უჩრდილო მონაკვეთს მიუყვებოდა. ფინიშს თან ახლდა აპლოდისმენტები, მუსიკა და დამსახურებული ცივი ლუდი.
ჰაილენდერმა გაამართლა. მან ბედნიერება მოგვანიჭა უამრავ ადამიანს, ბევრი ადამიანი ერთმანეთს გააცნო, ახალი იდეები წარმოშვა და კიდევ მეტ ადამიანს გაუჩინა მთაში სიარულის ხალისი. Ამდენი დადებითი ენერგია დიდი ხანია არ მიგრძვნია.
ვფიქრობ მომავალ წელს 100 კმ-იანი მარშრუტის ცდა შეიძლება. Სად იქნება, ეგ ჯერ არ ვიცით.
გაუმარჯოს სვანეთს!
გაუმარჯოს ჰაილენდერებს!